გია ვოლსკი - აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს - ადამიანმა რომ თავი მოიკლა, დადასტურებულია და არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს - ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს - Palitra News

გია ვოლსკი - აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს - ადამიანმა რომ თავი მოიკლა, დადასტურებულია და არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს - ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს

2026-09-02 13:59:30+04:00

აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილიამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა - ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იბრძვის იმ მეთოდით, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გააჩნია.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ აბსურდია, თითქოს, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ როგორმე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდეს.

„რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი - ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე - ის, რომ, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე. ადამიანმა რომ თავი მოიკლა დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი - არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება.

არაა გამორიცხული ვერსია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს - პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული. შეიძლება „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც, თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე ამ რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია.

მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმასაპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემგაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა".

„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძისთანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".