ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს - იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით? - Palitra News

ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს - იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით?

2026-09-02 16:55:23+04:00

გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ - „ქართული ოცნების“ გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე წერს, რითაც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

ბოჟაძე ღარიბაშვილს კითხვით მიმართავს - საიდან მოიპოვა ამდენი ფული და ძვირფასეულობა?!. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის „მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა“.

„ბატონო ირაკლი, ისევე, როგორც არაერთი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩვენი გუნდის წევრი და ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იმ დონემდე დახვედით, რომ დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნით და რადიკალი აგენტების თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობთ საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოთ. თუმცა, თქვენი მცდელობების, ციხიდან ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გაჯერებული წერილების გამოქვეყნების, გვერდით ინაშვილის და მისი მსგავსი ყველაფერზე წამსვლელი აგენტების დაყენების, თუ აბსურდული შეთქმულების თეორიების განვითარების მიუხედავად, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევთ.

გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ნდობა პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად გამოიყენეთ და გუნდი მნიშვნელოვნად დააზიანეთ. ისიც გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ, თუმცა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა არ გამოგივათ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რამდენსაც უნდა ეცადოთ, აგენტებთან და ყველაფრის მკადრებელ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად როგორი დაუჯერებელი ისტორიებიც არ უნდა შეთხზათ, მთავარ შეკითხვას მაინც ვერსად გაექცევით.

გამოქვეყნებულ წერილებში თქვენ ამტკიცებთ, თითქოს, ვინმემ ბინძური პროვოკაცია მოგიწყოთ და თქვენგან იმ კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამ ფონზე, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თქვენ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთ ქონებას ფლობთ, რომლის წარმომავლობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ თქვენვე აღიარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შესახებ და ამისთვის ციხეშიც წახვედით. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ „ქართული ოცნების” გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა. ამ ფონზე, თქვენი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა, თუმცა, მთავარ საკითხს მაინც ვერ გაექცევით.

თქვენი პოზიციით, დანაშაული მხოლოდ იმაში მიგიძღვით, რომ შემოსავლები დეკლარაციაში არ ასახეთ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც აიღეთ, თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია. თქვენივე აღიარებული ბრალის მიხედვით, აუცილებელია განმარტოთ, საიდან მიიღეთ მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდით?!

ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და მილიონების ღირებულების ძვირფასი საათები?! ამიტომ, მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით?! ბატონო ირაკლი, უკვე გამოქვეყნებული უშინაარსო, აბსურდული და სკანდალური ბრალდებებით გაჯერებული არაერთი წერილის შემდეგ, რომლებშიც ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარგიდგენიათ, იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ხმას გაძლევდათ და გენდობოდათ. გაეცით პასუხი ქართველ ხალხს"- წერს ბოჟაძე "ფეისბუქზე".