თაზო დათუნაშვილი - ხელისუფლების მცდელობა, ეძებდეს მტერს კერძო სექტორის რომელიმე მოთამაშეში, სრული უგუნურებაა - დისტრიბუციასა და სუპერმარკეტებს შორის ურთიერთობაში ჩარევა, არაფერი კარგის მომტანი არ არის და სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - ხელისუფლების მცდელობა, ეძებდეს მტერს კერძო სექტორის რომელიმე მოთამაშეში, სრული უგუნურებაა - დისტრიბუციასა და სუპერმარკეტებს შორის ურთიერთობაში ჩარევა, არაფერი კარგის მომტანი არ არის და სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს

2026-09-02 17:33:10+04:00

ხელისუფლების ეს მცდელობა, ეძებდეს მტერს კერძო სექტორის რომელიმე მოთამაშეში, სრული უგუნურებაა. ამ შემთხვევაში სუპერმარკეტების დემონიზება და დამატებითი რეგულაციების დაწესება ამ ორ აგენტს - დისტრიბუციასა და სუპერმარკეტებს შორის ურთიერთობაში, არაფერი კარგის მომტანი არ არის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

ის ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობა სურსათის მიწოდების ჯაჭვში მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის არსებული მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსის აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების შემოღებას გეგმავს.

თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი რეგულაციები არ არის რეალურ შედეგზე, ანუ სურსათზე ფასის კლებაზე ორიენტირებული, რადგან „სურსათის მაღალი ფასი პირველ რიგში ქვეყანაში არსებული ინფლაციისა და ინვესტიციების ნაკლებობის შედეგია“.

„პირველ რიგში, ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს იმ უმძიმეს საფასო კრიზისზე, რომელიც ამ ქვეყანაში არის. სასურსათო პროდუქტებზე ფასი არ შემცირდება ამის გამო, გააგრძელებს ზრდას, იმიტომ, რომ ეს უფრო მძიმე ეკონომიკურ ფაქტორებზეა მიბმული. გამოიწვევს, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, რადგან სუპერმარკეტებს აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად ჩაანაცვლონ, უბრალოდ აღარ მიიღონ. არაფერი კარგის მომტანი არ არის მათ ურთიერთობაში ჩარევა. ბიზნესის აქტორები უფრო ეფექტურად დაალაგებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ვიდრე სახელმწიფო რეგულაციები. სრული ნონსენსია, უგუნურებაა, არაფერი კარგის მომტანი არ არის. რა მიზნითაც აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს მიზანი არ იქნება მიღწეული, იმიტომ, რომ საფასო პოლიტიკა არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ფასების ზრდა ამ ქვეყანაში დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოში არის მაღალი ინფლაცია, არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და ქართული ეკონომიკა არ არის დაფუძნებული მდგრად მაჩვენებლებზე, რომელიც ვითარდება“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება აბსოლუტურად აკრძალული და პირობითად დასაშვები სავაჭრო პრაქტიკები, ასევე კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და პასუხისმგებლობის სისტემა.

ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.