რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ გაერთიანდება, - აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირას იმსჯელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი კანონპროექტი უკან გაიწვია, რადგან ის არ იძლეოდა საშუალებას, ცვლილებები ახალი ინიციატივისთვის მოერგოთ. ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები არაფრისმომცემია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახალი თანამდებობა კონკრეტულად მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა და სამინისტროების გაერთიანებით არაფერი შეიცვლება. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც კი აღნიშნავს, რომ მამუკა მდინარაძემ შესაძლოა, გრიგოლ ლილუაშვილის ბედიც გაიზიაროს.