თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს - Palitra News

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

2026-09-03 11:06:45+04:00

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სირანაშვილმა განუცხადა, ის საგამოძიებო ორგანოში, 13:00 საათზე მივა.

„ყაზბეგის N42-ში, საგამოძიებო უწყებაში ვარ დაბარებული იმ მოძალადე პოლიციელების მიმართ ჩვენების მისაცემად და მოდის მთელი ადვოკატთა ასოციაცია“, - აცხადებს სირანაშვილი.

რაც შეეხება თამაზ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. სწორედ, დღეს ეწურება მას 48-საათიანი ვადა იმისათვის, რომ სასამართლომ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელოს.

თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

დაკავებამდე, მის საცხოვრებელ სახლსა და ავტომობილში ჩხრეკა ჩატარდა.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, სწორედ იმ დროს, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, რასაც ის მობილური ტელეფონით იღებდა, სამართალდამცავებმა „ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს“. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.