ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც განცხადებაში უკვე აღნიშნა - Palitra News

ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც განცხადებაში უკვე აღნიშნა

2026-09-03 14:22:41+04:00

ადვოკატ ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან განცხადებაში უკვე ისაუბრა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთანრუსთავის ციხეში შესვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, დამატებით განმარტებებს ირაკლი ღარიბაშვილის ნახვის შემდგომ გააკეთებს.

რაც შეეხება იმას, ღარიბაშვილი ელოდებოდა თუ არა გამომძიებლების შესვლას ციხეში, ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე არ უსაუბრიათ.

„ვერ გეტყვით, რა კითხვები ექნებათ. ირაკლი ღარიბაშვილი [გამოძიებას] იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან უკვე განცხადებაში აღნიშნა. უნდა შევიდე და გავესაუბრო. [წერილში] არაფერზე არ მიუთითებდა. ადამიანმა აღნიშნა კიდევაც, რომ რამდენიმე დღით ადრე გაიგო ეს ამბავი და ფიზიკურად, სხვა ინფორმაცია ვერც ექნება. ამ ეტაპზე, დამატებით ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმასაპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.