გია ხუხაშვილი - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ გამოკითხვაზე, მე მიბარებენ და ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი - Palitra News

გია ხუხაშვილი - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ გამოკითხვაზე, მე მიბარებენ და ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი

2026-09-03 15:43:58+04:00

ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ გამოკითხვაზე, მე მიბარებენ და ახლა ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მას კონკრეტულად ჯორბენაძეზე არც კი უსაუბრია, მან ისაუბრა ზოგადად თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებულ საქმეებზე.

„ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, გაანათლოს ღმერთმა, რა თქმა უნდა. მე ჯორბენაძეზე კონკრეტულად კომენტარი არ გამიკეთებია. ამიტომ არის უცნაური, რომ საქმე მიმდინარეობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მე ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არსებობს კითხვები. კითხვები მარტო იმაზე კი არაა, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით არ სრულდება საქმე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა დაიხუროს საქმეები. ასეთი საქმე ბევრია. თუნდაც ბაჩალიაშვილის საქმე.

მე არ დამიწყია საუბარი ამ თემაზე. მე დამირეკეს ჟურნალისტებმა, რადგან დაინტერესდნენ ჩემი აზრით ამ თემაზე და მე პასუხები გავეცი. მე თვითონ განცხადებები არ გამიკეთებია.

საერთოდ არ ვარ დაინტერესებული, ამ საკითხით სიმართლე თუ გინდათ.

ჯორბენაძის თემაზე მე შეფასება არ გამიკეთებია. მე ვისაუბრე რიჟვაძის საქმეზე, იმიტომ რომ რიჟვაძის საქმე არის ბნელით მოცული. ადამიანმა თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე გადამალეს, დაიკარგა, რა მოხდა დღემდე პასუხგაუცემელია და კითხვები არსებობს ასევე სხვა საქმეებზეც. მე ამაზე ვისაუბრე და არა ჯორბენაძეზე კონკრეტულად, ადამიანზე, რომელსაც არც ვიცნობდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი. მე მისი გვარიც არ ვიცოდი.

რაც შეეხება გამოკითხვაზე დაბარებას, ეს არის რაღაცა გაუგებარი. ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფლობდა სიღრმისეულ ინფორმაციას. შესაბამისად, აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ და ახლა ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.