აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, ხმაურია.
უმაღლესი საბჭოს შესასვლელთან სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ რუდიკ ცატავას შორის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათგან პასუხს ითხოვენ, თუ რატომ შედის ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი.
რუდიკ ცატავამ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ მისგან პასუხს ვერ მიიღებდნენ, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მას შეახსენეს, რომ განმარტების ვალდებულება აქვს.
„მე ხელფასს შენ კი არ მაძლევ, მაძლევს სახელმწიფო. ბევრი რაღაც შედის, იქ შედის ტრაქტორი, მანქანები, ნაწილები, ნავთობპროდუქტები, საკვები, ფქვილი, სიმინდი, სულგუნი, ყველი. თუ ეს [საწვავი] შედის იქ მცხოვრებლების, ხალხის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ხალხის დასახმარებლად დღესაც ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ რუსული ჯარის დასახმარებლად შემიძლია, რომ მქონდეს ბომბი ვესროლო“,- განაცხადა რუდიკ ცატავამ, რაზეც მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო შენგელიამ უთხრა, რომ „აფხაზეთის გამყიდველია“.
„შეჭამე აფხაზეთი, გაყიდე აფხაზეთი, გამყიდველი ხარ აფხაზეთის. შენ, რუდიკ ცატავა, აფხაზეთის გამყიდველი ხარ!“,- მიმართა ბესო შენგელიამ რუდიკ ცატავას, რის შემდეგ მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.