ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის ფაქტზე ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ ცნობს - Palitra News

ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის ფაქტზე ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ ცნობს

2026-09-03 20:40:32+04:00

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

მისივე ინფორმაციით, საქმეში შვიდი დაზარალებულია და ყველა მათგანი მამაკაცია.

“ბრალი წარუდგინეს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას. ბატონი თამაზი არ ეთანხმება ბრალს. მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია. საქმის მასალები ახლა გადმომეცა, უნდა გავეცნო. თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ე.წ. კონფლიქტი და დაძაბულობა გამოიწვია თამაზ ელიზბარაშვილის წარსულში სოციალურ ქსელში აქტივობამ. დადგენილებაში არ წერია, რომ მათ წარსულში პირადი კონფლიქტი ჰქონდათ”, - განაცხადა ადვოკატმა.

ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილს იარაღთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს წარდგენილი.

მისი თქმით, ელიზბარაშვილს კონფლიქტის დროს იარაღი თან არ ჰქონია.

“იარაღთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს წარდგენილი. ერთადერთი იარაღი, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ სახლშია ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული. განჩინებაში წერია, რომ ჰქონდა იარაღი, თავად უარყოფს. ამბობს, რომ იარაღი თან არ ჰქონია”, - განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა