თამაზ ელიზბარაშვილი - რესტორნის კუპედან გამოვიდა შვიდი პირი, „იმედის“ თანამშრომლები ვართო, ხშირად გვაგინებ და ბოდიში მოიხადეო - რაც შეეხება რესტორანში მიბრუნებას, მიზეზი იყო შერიგება - პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! - Palitra News

თამაზ ელიზბარაშვილი - რესტორნის კუპედან გამოვიდა შვიდი პირი, „იმედის“ თანამშრომლები ვართო, ხშირად გვაგინებ და ბოდიში მოიხადეო - რაც შეეხება რესტორანში მიბრუნებას, მიზეზი იყო შერიგება - პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ!

2026-09-04 16:13:41+04:00

მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ერთ-ერთ რესტორანში მასსა და შვიდ ადამიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლებმაც მისივე თქმით, თავი მას "იმედის" თანამშრომლებად წარუდგინეს.

ელიზბარაშვილის თქმით, აღნიშნული პირები მას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ და მიზეზად მის მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ პოზიციებს ასახელებდნენ.

„რესტორნის ერთ- ერთი კუპედან გამოვიდა შვიდი პირი. ვკითხე, ვინ ხართ-მეთქი. ჩვენ „იმედის" თანამშრომლები ვართო. ვუპასუხე, კი მაგრამ არცერთს არ გიცნობთ-მეთქი. შენ ჩვენ ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო.... რესტორანში, ზემოთ მეუღლე მელოდებოდა და ამაზე ვნერვიულობდი. რომ არ გამიშვეს და დამაგვიანდა, ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა ჩემს მეუღლე ენახა, როგორ მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ. არ მინდოდა ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს. ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი. ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო.

რესტორნის დაცვის ორმა ბიჭმა მოახერხა და ეს აგრესიული ბიჭი კუპეში შეიყვანა",- განაცხადა ელიზბარაშვილმა.

როგორც ელიზბარაშვილმა აღნიშნა, რესტორანთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მასთან დაპირისპირებულებს უთხრა, რომ მეუღლეს სახლში წაიყვანდა და ისევ უკან მობრუნდებოდა, ხოლო უკან მობრუნების მიზეზი იყო შერიგება და ის, რომ დაწყებული კონფლიქტი საუბრით მოეგვარებინათ.

„არ ვარ სკანდალის მოყვარული და ჩემი შვილების ტოლ, ახალგაზრდა კაცთან საჩხუბრად მივიდოდი? ეს იყო სრული სიმართლე, შვილებს გეფიცები, თუ რამე დავამატე ან მოვაკელი... თუ ჩემი იქ მისვლით შევაშინე შვიდი კაცი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. საჩხუბრად რომ წავსულიყავი, მარტო ხომ არ წავიდოდი?! პროკურატურა ამბობს, შვიდი კაცი გიჩივისო, ისინი ამბობენ, ჩვენ არ გიჩივითო და არ ვიცი, ახლა, ეს რას მივაწერო?! არ ვიცი, რა ხდება, რას მერჩის პროკურატურა. ჩემს 11 შვილს კაცობის და ადამიანობის მაგალითს ვასწავლი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი”,- განაცხადა ელიზბარაშვილმა

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.