თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რა თქვა პროცესზე ელიზბარაშვილმა - Palitra News

თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რა თქვა პროცესზე ელიზბარაშვილმა

2026-09-04 20:14:15+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობის მოტივად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ასახელებდა.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.