აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაგზავნა. „მე გავგზავნე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ორი შესანიშნავი მომლაპარაკებელი. მათ შესანიშნავი სამუშაო გაწიეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, მიაქვთ თუ არა კუშნერს და უიტკოფს თან ახალი შეთავაზებები, ტრამპმა უპასუხა: „მიაქვთ წინადადებები, რომ დაასრულონ ომი".
„რვა ომი დავასრულე. იმედი მაქვს, ჩემით ამაყობთ. ამისთვის არანაირი დამსახურება არ მიმიღია. რვა ომი დავასრულე და ნობელის პრემია მივიღე? არა“, - აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის „პიროვნული პრობლემა“ არსებობს.
„რუსეთ-უკრაინას შორის პიროვნული პრობლემაა. ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. იცით, რა არის სიძულვილი? მათ სერიოზული სიძულვილი აქვთ. სიძულვილი მათ გზაზე ეღობება“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში რუსული დრონის აღმოჩენასთან დაკავშირებით და ჰკითხეს, არის თუ არა ეს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა. „მე პუტინს ვესაუბრები; მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, - აღნიშნა ტრამპმა.