პოლიციამ მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-09-07 11:03:51+04:00

პოლიციამ მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც, ის კლინიკაში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს. ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც. სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.