ბუნებრივი იყო, რომ რაღაც ეტაპზე კითხვის ნიშნები დაისმებოდა. ყოფილი პრემიერი მიდის ციხეში ისე, რომ არანაირ განცხადებას არ აკეთებს, არავის არაფერს არ ეუბნება, სახლში ახვედრებს რაღაც განძეულობასა და ფულს მაშინ, როცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ თუნდაც ძალიან მდიდარ ადამიანს სახლში ასეთი რაოდენობის ფული ედოს , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ფოფხაძის შეფასებით, ღარიბაშვილის სახლში ჩატარებული ჩხრეკა ძალიან თეატრალიზებული იყო.
“მე ის გამიკვირდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე მორჩილად მიიღო ეს ყველაფერი [დაპატიმრება]. ერთია, რომ შენ ყოველი მესამე ფრაზის მერე “ბატონ ბიძინა ივანიშვილს” ახსენებ და მეორეა, როცა ეს “ბატონი ბიძინა” გიჭერს და შენ ამას არ აპროტესტებ, ეს უკვე სხვანაირი მორჩილებაა.
ბუნებრივი იყო, რომ რაღაც ეტაპზე კითხვის ნიშნები დაისმებოდა. ყოფილი პრემიერი მიდის ციხეში ისე, რომ არანაირ განცხადებას არ აკეთებს, არავის არაფერს ეუბნება, სახლში ახვედრებს რაღაც განძეულობასა და ფულს მაშინ, როცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ თუნდაც ძალიან მდიდარ ადამიანს სახლში ასეთი რაოდენობის ფული ედოს. ეს ყველაფერი ძალიან თეატრალიზებული იყო. გაუმზადა და დაახვედრა, ესეც გარიგების ნაწილი იყო იმიტომ, რომ მე გამოვრიცხავ, ადამიანს სახლში ასეთი რაოდენობით ფული ჰქონდეს. შესაძლოა არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ძალიან თეატრალიზებული იყო. ის [ღარიბაშვილი] ელოდებოდა ჩხრეკას. იყო მოლოდინი, რომ ამათ დაიჭერდნენ და ასეთ სიტუაციაში ადამიანი ცდილობს, რომ ზედმეტი კომპრომატი არ შექმნას და აქ კიდევ ეს ყველაფერი გამზადებული დაახვედრეს. ისიც, რომ ღარიბაშვილს ეს ყველაფერი უნდა გაეპროტესტებინა, ეს იქნებოდა აბსოლუტურად ლოგიკური. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ციხეში ასე მორჩილად მიდის, ის დარტყმის ობიექტია. ციხიდან გამოსული ღარიბაშვილი მერე რომ დაიწყებდა თავის მართლებას, ეს თავის მართლება მისთვის არანაირად მომგებიანი პოზა არ იქნებოდა. ვის მოაწონებდა თავს პოლიტიკოსი, რომელმაც ციხე მოიარა და არაფერი არ გააპროტესტა?” - აღნიშნა ფოფხაძემ.
კითხვაზე, თუ ღარიბაშვილი მორჩილად წავიდა ციხეში, რატომ გაჩნდა იმის შიში, რომ ის პოლიტიკაში მობრუნდებოდა, ფოფხაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა, ის რაიმე შეთქმულებას ამზადებდეს ხელისუფლების წინააღმდეგ.
“შეიძლება ეს ადამიანი დუმილითა და მორჩილებით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს რაღაც შეთქმულების მომზადებას, ეს არ არის გამორიცხული. მე ხშირად მესმოდა 4 ოქტომბრამდე, რომ ღარიბაშვილი იყო იმ პროცესების თანამონაწილე, ბევრი ამბობდა ამას, მაგრამ რაში გამოიხატა ეს თანამონაწილეობა, მე ვერ დავინახე. ვიღაცები ამბობდნენ ამას და ეს იყო უბრალოდ ვერსია. შეიძლება, ესეც სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ვერსია იყო იმიტომ, რომ უნდათ, ვიღაცა ვიღაცას მიაბან. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ზედმეტი ზეწოლა ღარიბაშვილზე უფრო პათოლოგიაა, ვიდრე ლოგიკა”, - განაცხადა ფოფხაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც განუდგნენ მმართველ გუნდს, ბიძინა ივანიშვილს ვერანაირ დანაშაულში ვერ ადებენ ხელს, რადგან ისინიც არიან ამ დანაშაულების თანამონაწილეები.
“ისინი თანამონაწილეები არიან ამ დანაშაულების და ამიტომ ვერ ადებენ და არა იმიტომ, რომ ივანიშვილი “სუფთაა”. ასე რომ მოიქცნენ, მაშინ ყუმბარა უნდა გაიხსნან საკუთარ ხელში. ივანიშვილი ამ შემთხვევაში არის კერძო პირი, ირაკლი კობახიძემ კი უკვე გააჟღერა, რომ რასაც ის აკეთებს, ივანიშვილის დავალებით აკეთებს.
რეალურად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი [“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები] რეალურად ვერ ამბობს სათქმელს ივანიშვილზე, ზუსტად ეს პრობლემა აქვთ - როცა კონკრეტული დანაშაული მოხდა ივანიშვილის მონაწილეობით, ყველა პრემიერი იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე. მან თუ თავისი დანაშაული არ აღიარა, ივანიშვილის დანაშაულს ვერ აღიარებს. ამიტომ, ახლა ირაკლი ღარიბაშვილი რომ ბოლომდე შევიდეს რაღაც თემებში, უნდა აღიაროს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ცუდი რაღაცები გააკეთებინა”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.