საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა - Palitra News

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა

2026-09-08 09:58:13+04:00

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა, მაშინ როცა ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია. მხოლოდ აგვისტოში ფასები 0.4 პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაციამ კი 3.8 პროცენტი შეადგინა. ამ ფონზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ წლიური ინფლაცია წლის განმავლობაში საშუალოდ 4.9 პროცენტის ფარგლებში იქნება და 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს საქართველო მხოლოდ მომავალი წლიდან დაუბრუნდება. ხელისუფლება ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობის, გაძვირებასა და კომუნალური ხარჯების ზრდას ასახელებს. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ფასების ზრდის მიზეზად მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების დასახელება საკმარისი არ არის. მათი შეფასებით, ხელისუფლებას ფასების ზრდის შესაკავებლად საკუთარი ეკონომიკური და საგადასახადო ბერკეტების გამოყენებაც შეუძლია. ოპოზიცია საზოგადოებას ასევე ახსენებს, რომ მთავრობის მიერ დაპირებული ფასების შემცირების ნაცვლად, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.