„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 2024 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აფასებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ამ პერიოდში პარლამენტმა 300-მდე საკანონმდებლო ინიციატივა/პაკეტი მიიღო, რომელთა უმეტესობა შინაარსობრივი განხილვის გარეშე, დაჩქარებულად იყო მიღებული და უარყოფითი, რიგ შემთხვევაში კი დამანგრეველი გავლენა მოახდინა ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული ფუნქციონირებისა და ურთიერთკონტროლის და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზე.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა არსებითად შეიცვალა. არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის, მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ საპარლამენტო ბოიკოტისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე, მე-11 მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა პრაქტიკულად ერთპარტიული შემადგენლობით განაგრძო. ამ გარემოებებმა, ჯამში, მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც პარლამენტის პოლიტიკური ფუნქცია, ისე მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხასიათი.
2024 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში პარლამენტმა 300-მდე საკანონმდებლო ინიციატივა/პაკეტი მიიღო, რომელთა უმეტესობა შინაარსობრივი განხილვის გარეშე, დაჩქარებულად იყო მიღებული და უარყოფითი, რიგ შემთხვევაში კი დამანგრეველი გავლენა მოახდინა ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული ფუნქციონირებისა და ურთიერთკონტროლის და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზე. ამავე პერიოდში, როდესაც რეგრესული ცვლილებები განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობდა, საკანონმდებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო მანამდე დაგეგმილი რეფორმების/პოლიტიკების გადავადებისა და მოქმედი ინსტიტუტების ალტერნატივის გარეშე გაუქმებისკენ.
უფლებების შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივების დასაბუთებისას ინიციატორები ხშირად მიმართავენ პოპულისტურ ნარატივებს, ფსევდო-იდეოლოგიურ, ანტი-დასავლურ და წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო რიტორიკას.
საანგარიშო პერიოდში მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სხვადასხვა სფეროს ეხებოდა, თუმცა ისინი, საბოლოო ჯამში, ერთიან პოლიტიკურ-სამართლებრივ ლოგიკას ექვემდებარებოდა. ადამიანის უფლებების შეზღუდვა, სახელმწიფო ინსტიტუტების რეორგანიზაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის გაფართოება, პარლამენტისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების პოზიციების განმტკიცება და პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ცალკეული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინიციატივები არ ყოფილა“,- ნათქვამია დოკუმენტში.