ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ - ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი დღემდე აკეთებს, სპეკულაციაა.
„ჩვენ პოლიტიკურად არავის ვდევნით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ალბათ, პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გააგრძელებს პოლიტიკაში მოღვაწეობას, მაგრამ ნებისმიერი ის განცხადება, რასაც დღემდე აკეთებს, არის სპეკულაცია. ჩვენ არავის ვდევნით, არავის ვაშანტაჟებთ. რასაც ის საუბრობს, მხოლოდ მისი წარმოდგენებია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის. ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სამართლიანად იხდის სასჯელს," - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში ადანაშაულებს. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასერიოზულს უწოდებს. ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ "სასაცილო და უსუსურ" მეთოდებზე "ტყუილად ნუ წვალობენ", რადგან როგორც "წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს", ისევე შეუძლებელია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. ღარიბაშვილი წერილში ირონიით წერს, მასთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტია და აღნიშნავს: „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ". ღარიბაშვილი წერილში კვლავ მიმართავს თანაგუნდელებს, რომ არავის ებრძვის და ზურგში დანა მათ ჩაარტყეს.