ისტორიული მაქსიმუმი - საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, ამ წლის აგვისტოში, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 56.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 8 მილიარდ 140 მლრდ დოლარს მიაღწია. სებ-ის ცნობით, მხოლოდ წინა თვესთან შედარებით, საერთაშორისო რეზერვები 613 მილიონი დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც.
ეროვნული ბანკის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.2%-ს შეადგენს. ეროვნული რეგულატორი ამავე ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ მათი პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. „2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვებს ავსებს და 2026 იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდ 566 მილიონი დოლარი შეადგინა.“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულეს ასევე მონეტარული ოქრო. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1 მილიარდ 149 მილიონი დოლარი შეადგინა. მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში ამ ეტაპზე 14.1%-ს შეადგენს.