„მკაცრი რეაგირება იქნება“ - სემეკ-მა GWP-ს მიერ აბონენტებისთვის მაღალი დარიცხვის შემთხვევების შესწავლა დაიწყო. როგორც ირკვევა, მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე, კომისიაში ამ საკითხზე ინდივიდუალური მოკვლევა მიმდინარეობს. თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ „ჯივიპის“ მიერ, ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა).
კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად, უსაფუძვლო დარიცხვების განხორციელება, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები. აღნიშნული არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს და არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს,“ - აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.