განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაამტკიცა.
სხდომას ესწრებოდა ჯუანშერ ბურჭულაძეც და ვასილ მხეიძეც. არც ერთ მათგანს სიტყვით არ უსარგებლია. ისინი მხოლოდ მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხობდნენ - დიახ.
გადაწყვეტილების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა. თუმცა მათივე ცნობით, "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ბრალდების თანახმად, 2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.
ბიზნესმენმა უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა. თავის მხრივ, ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
ბრალდების თანახმად, ღარიბაშვილისგან სამსახურებრივი მფარველობის მიღების შემდეგ, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, ამავე საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძე მსჯავრდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, ის დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებაზეა მსჯავრდებული და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.