ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება, რაზეც 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - პროცესი 28 სექტემბერს გაიმართება - Palitra News

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება, რაზეც 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - პროცესი 28 სექტემბერს გაიმართება

2026-09-08 16:31:03+04:00

პროკურორის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება. ჯუანშერ ბურჭულაძესაღნიშნულ საქმეზე 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

პროკურორი, ანა ლეკიაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, კონკრეტული პირობები მიღწეული არ არის, თუმცა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი 28 სექტემბერს. დღეის მდგომარეობით, დაცვის მხარესთან ნამდვილად მიმდინარებს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. კონკრეტული პირობები არ არის მიღწეული. შედეგებზე რა თქმა უნდა, მოგვიანებით გეცნობებათ. თუ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, რა თქმა, უნდა, იგივე სასჯელები იქნება ძალაში დატოვებული,“ - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესდა მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე საქმეს, რომელზეც ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ მიმდინარე წლის 23 აპრილს სცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.