პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი და ასევე, საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება STEM კლუბი.
ამის შესახებ მან ზოგადი განათლების სიახლეებზე საუბრისას მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იწყება ახალი სასწავლო წელი. სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები ან სრულ რეაბილიტირებული სკოლები. ასევე, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა. ბევრი მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან სკოლის მოსწავლეები შესაბამის საგნებს. უახლოეს მომავალში, მთლიანად დასრულდება ეს პროგრამა და განახლდება ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის, ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს და მთლიანად იქნება გადახედილი ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად.
ასევე, 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება STEM კლუბი. ჯამურად, STEM კლუბები იქნება 500 სკოლაში. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა, არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და სწავლება განახლებული თანამედროვე რესურსებით განხორციელდება. ასევე, გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა, 140 სკოლას დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები: ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.