ირაკლი ანთაძე - ერგნეთში მოვითხოვეთ ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონოდ დაკავებული დაბრუნდეს ოჯახში, კონსულტაციები გრძელდება - უკანონო ბორდერიზაციაზე ამჯერადაც პოზიციები დიამეტრულად გაიყო და თანხვედრის წერტილი ვერ გამოიკვეთა - Palitra News

ირაკლი ანთაძე - ერგნეთში მოვითხოვეთ ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონოდ დაკავებული დაბრუნდეს ოჯახში, კონსულტაციები გრძელდება - უკანონო ბორდერიზაციაზე ამჯერადაც პოზიციები დიამეტრულად გაიყო და თანხვედრის წერტილი ვერ გამოიკვეთა

2026-09-08 18:06:16+04:00

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

ასევე, განიხილეს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმის საკითხი.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, მოთხოვნილ იქნა ყველა უკანონოდ დაკავებულის საკუთარ ოჯახში დაბრუნება.

ანთაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხის, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში.

„მოთხოვნილ იქნა ჰუმანიტარული მიდგომის დაფიქსირება, რათა ყველა უკანონოდ დაკავებული დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ამაში მხარი დაგვიჭირეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც. ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან კონსულტაციები გრძელდება.

ასევე განვიხელეთ უკანონო ბორდერიზაციის გამოვლენის საკითხები, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები დიამეტრულად გაიყო ამჯერადაც და ამაზე თანხვედრის წერტილი ვერ იქნა გამოკვეთილი“, - განაცხადა ანთაძემ.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 22 ოქტომბერი განისაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.