გაეროში ევროკავშირის წარმომადგენელი - ევროკავშირი მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს - მკაცრად გმობს უკანონო დაპატიმრებებსა და მზარდ რეპრესიებს - Palitra News

გაეროში ევროკავშირის წარმომადგენელი - ევროკავშირი მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს - მკაცრად გმობს უკანონო დაპატიმრებებსა და მზარდ რეპრესიებს

2026-09-08 21:36:49+04:00

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით. ამის შესახებ გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ იხსენებს საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით, რომლებიც მიზანში იღებენ ოპოზიციურ ფიგურებს, უფლებადამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას. ევროკავშირი მკაცრად გმობს უკანონო დაპატიმრებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედია მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირების დაპატიმრებას. ევროკავშირი ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ საქართველომ ეს საკითხები მოაგვაროს, თავისი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა აღდგეს ნდობა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ,” - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.