ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენებას აკრიტიკებს - Palitra News

ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენებას აკრიტიკებს

2026-09-09 09:51:17+04:00

ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენებასა და რეპრესიულ ზომებს მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულება უნდა შეასრულოს. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს თბილისს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირი განსაკუთრებით შეშფოთებულია ოპოზიციონერების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებებით. ევროკავშირის შეფასებით, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკის გატარება და კონსტრუქციული დიალოგის დაწყება.