შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ხავსს ეჭირება - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ხავსს ეჭირება

2026-09-09 11:40:37+04:00

ცრუ ნარატივზე მოჭიდება აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა, ამიტომ, უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, მიშელ სერვონე დ’ურსოს განცხადება შეაფასა, რომ „ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით“.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის ცილისწამება.

„აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის, სხვა ქვეყნის თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს და ეს არის ცილისწამება. ამ საკითხს სოცმედიაში ასევე გამოვეხმაურე. ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული. ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელიც 2 წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა პოლიციის მოქმედებები. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია. განაჩენები დამდგარია. ჩვენ ვნახეთ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც ყველა ეს დანაშაული აღიარებულია. ახლა ისევ კვლავ ამ ცრუ ნარატივზე მოჭიდება აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი „ხავსს ეჭიდებიან“ და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა, ამიტომ, უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან. უპირველეს ყოვლისა, უარი უნდა თქვას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე. მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის საქართველოს წინააღმდეგ ამგვარი რიტორიკა. ასევე, უარი უნდა თქვას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე. საღ აზრს ეწინააღმდეგება ის, როგორც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში იქცევა, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით. ასე, რომ ყველა ცრუ განცხადება ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან, ჩვენი მხრიდან მხილებული იქნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ბრიუსელის წაქეზებით მოხდა „4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი“.

„ჩვენ ვხედავთ „გაღმა შემოდავებას“ ევროკავშირის მხრიდან და ამ ყველაფერს ჩვენი პასუხი ექნება. მეორე, ეს ადამიანები ბარიკადებზე სწორედ ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. გახსოვთ თქვენ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა, როდესაც ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას.ეს იყო ვირტუალური „მწვანე შუქი“ მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის. შეგახსენებთ, დღემდე ბრიუსელის არცერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს დღემდე საჯაროდ არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. შედეგად, ჩადენილ იქნა დანაშაულები, ადამიანები მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ წააქეზეს და ბარიკადებზე აიყვანეს, შემდეგ კი ისინი ციხეში მიატოვეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ იხსენებს საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით, რომლებიც მიზანში იღებენ ოპოზიციურ ფიგურებს, უფლებადამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას. ევროკავშირი მკაცრად გმობს უკანონო დაპატიმრებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედია მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირების დაპატიმრებას. ევროკავშირი ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ საქართველომ ეს საკითხები მოაგვაროს, თავისი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა აღდგეს ნდობა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ,” - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.