ნინო წილოსანი - ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან - ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ - Palitra News

ნინო წილოსანი - ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან - ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ

2026-09-09 12:34:15+04:00

ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან - ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ, რადგან ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნებზე პარტია „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ, უნამუსობამ და ამორალურობამ, საბოლოო შედეგი გამოიღო და ახლა ამ ყველაფრის უკვე ზედაპირზე ამოტანას ვხედავთ.

„ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან. ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ, რადგან ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნებზე პარტია „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც, როგორც ჩანს, სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა და შედეგიც სახეზე იყო. მთლიანად ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე ისხდნენ, თუმცა პარტია „ახალს“ გაცილებით მაღალი პროცენტული მხარდაჭერა აღმოაჩნდა 2024 წელს. ესეც ძალიან ხელოვნური იყო და გამოწვეული იყო იმ დაფინანსებით, რომელიც მან „ნაცმოძრაობას“ წაართვა იმ ადამიანების გადაბირებით და თავის პოლიტიკური მიზნებისთვის მომხრობით, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მოგვცა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა - ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ, იმ უნამუსობამ და ამორალურობამ, რომელსაც ერთმანეთს უწუნებენ, საბოლოო შედეგიც გამოიღო და ახლა ამ ყველაფრის უკვე ზედაპირზე ამოტანას ვხედავთ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.