მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსის განცხადებას.
სამხარაძის განმარტებით, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან იმეგობრებს, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის.
„საგულისხმო განცხადებაა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან. დონალდ ტრამპი პრეზიდენტად სწორედ ამ ფილოსოფიით და ამ სლოგანით მოვიდა. ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას“, - განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.