ლაშა ფარულავა - ნიკა გვარამიას მიმართ ყოველთვის ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ძალები ივანიშვილისკენ უნდა მივმართოთ, უბრალოდ კითხვები ლეგიტიმურია - Palitra News

ლაშა ფარულავა - ნიკა გვარამიას მიმართ ყოველთვის ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ძალები ივანიშვილისკენ უნდა მივმართოთ, უბრალოდ კითხვები ლეგიტიმურია

2026-09-09 20:19:27+04:00

რასაც ნიკა გვარამია ამბობს, არის უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ როგორმე “გააპრაოს” ნიკა გილაურის მონაწილეობა , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისი პარტიის დაფინანსებას უკავშირდება.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებში ფინანსური საკითხები გამჭვირვალე უნდა იყოს.

„ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრი რომ იყო და წავიდა ქვეყნიდან, მას შემდეგ 14 წელი არ გამოჩენილა. ამის შემდეგ მოდის დიდძალი ფინანსური რესურსით, სად დააგროვა ეს ფინანსები? მე როგორც ვიცი, ის იყო სხვადასხვა მთავრობის მრჩეველი. ამხელა შესაძლებლობა არცერთ მრჩეველს არ აქვს, რაც მას ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წელს. ლაპარაკია მილიონებზე და ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მილიონები ისე მივიდა პოლიტიკურ პარტიაში, რომ არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია.

ნიკა გვარამია რასაც ამბობს, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ როგორმე “გააპრავოს” ნიკა გილაურის მონაწილეობა ამ პროცესში. საბანკო ოლიგარქიის ფულის “გაპრავებას” ცდილობს. მე მის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ჩვენი ძალები ივანიშვილისკენ უნდა მივმართოთ. ჩემი ამოცანა არ არის ნიკა გვარამიას ან მისი გუნდის წევრების დაზიანება, უბრალოდ, რადგან კითხვები გაჩნდა, ეს კითხვები ლეგიტიმურია.

მე არავის დაფინანსება არ მჭირდება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებში არ უნდა იყოს გაუმჭვირვალე პროცესი, რომელიც ეხება ფინანსებს. როდესაც ივანიშვილის რეჟიმს პრეტენზიებს უყენებ კორუფციაზე, კორუფციული გარიგებით არ უნდა მოქმედებდე შენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს სდებ”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.