აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას მიაღწიეს საზღვრების დელიმიტაციის პროცესზე - ჩრდილოეთ წერტილიდან სამხრეთამდე და აღნიშნული პროცესი იმ წერტილიდან დაიწყება, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრები იკვეთება.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის კომისიებმა არაერთი შეხვედრა გამართეს და აზერბაიჯანსა და სომხეთში რიგი დოკუმენტები იქნა მიღებული, რომლებიც კომისიების საქმიანობას არეგულირებენ.
“შეთანხმებაა მიმართულებაზე, რომლითაც უნდა გაიმართოს ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაცია. არის შეთანხმება და ურთიერთგაგება, რომ სამუშაო უნდა ჩატარდეს და წარიმართოს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, უფრო რთული ჩრდილოეთ საზღვრიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კვეთიდან დაწყებული, ” - განაცხადა ბაირამოვმა.