გიგა ბოკერია - ღარიბაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, თუმცა მის წინააღმდეგ პოლიტიკური დაკვეთაა, არანაირ კორუფციასთან ბრძოლას არ აქვს ადგილი, როცა ივანიშვილი ვინმეს მოიძულებს, იმას უქექავენ, რაც მანამდე ნორმა იყო - ეს არის კატასტროფული სურათი - Palitra News

გიგა ბოკერია - ღარიბაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, თუმცა მის წინააღმდეგ პოლიტიკური დაკვეთაა, არანაირ კორუფციასთან ბრძოლას არ აქვს ადგილი, როცა ივანიშვილი ვინმეს მოიძულებს, იმას უქექავენ, რაც მანამდე ნორმა იყო - ეს არის კატასტროფული სურათი

2026-09-09 23:12:51+04:00

მთელი წლის განმავლობაში, ადამიანებს, რომლებიც კონსტიტუციით უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ, კორუფციას აბრალებენ, ხოლო ისინი კატასტროფულ ბრალდებებს აბრალებენ - შეკვეთილ მკვლელობებს და ა.შ.. სურათი არის ის, რომ მნიშვნელოვანწილად ერთმანეთის შესახებ მართლები არიან , - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, სამართლებრივი სისტემა ერთ კაცს ემორჩილება და თანამდებობის პირებს იჭერენ მაშინ, როდესაც „ის ერთი კაცი მოიძულებს“, რაც მისი თქმით, კატასტროფული სურათია.

„ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა. იმასთან არ გვაქვს საქმე, რომ ვიღაცებმა ძალაუფლება ცუდად გამოიყენეს და სისტემამ ისინი ამხილა. არა, სისტემა მათ ამის საშუალებას აძლევდა მანამ, ვიდრე მათ ივანიშვილი არ მოიძულებდა. ივანიშვილი სხვა მიზეზების გამო რომ მოიძულებს, მისი შეთქმულების თეორიების, შიშების თუ ღალატის, ამის გამო ამოუქექავენ ყველაფერს და დაიჭერენ. ის ბრალდებები, რაც მათგან [ქართული ოცნებისგან] ისმის, თუ მეასედი მაინც სიმართლეა, ჯოჯოხეთურ სურათს ხატავს. ანუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ერთმანეთს აბრალებს თანამდებობის გამოყენებით გამდიდრებას, არა ერთ-ორ თანამდებობის პირს, არამედ ათობით თანამდებობის პირს: სუს-ის უფროსი, პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი და ა.შ მთელი ამ წლის განმავლობაში, ადამიანებს, რომლებსაც კონსტიტუციით უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ, აბრალებენ, ხოლო ისინი კატასტროფულ ბრალდებებს აბრალებენ - შეკვეთილ მკვლელობებს და ა.შ. სურათი არის ის, რომ მნიშვნელოვანწილად ერთმანეთის შესახებ მართლები არიან. ანუ არც ერთი ბოლომდე არ იტყუება, რაღაც შეიძლება ტყუილი იყოს, მაგრამ არსებითად მართლა ასეა. ადამიანები თანამდებობის შედეგად მდიდრდებოდნენ ჩვენი მომავლის და ქვეყნის ხარჯზე. სამართლებრივი სისტემა ერთ კაცს ემორჩილება და დაიჭერენ მაშინ, როდესაც ის მოიძულებს. ეს არის კატასტროფული სურათი“,- განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ის ყოფილ-პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევს, რადგან ღარიბაშვილი არ ყოფილა ამ ხელისუფლების ოპონენტი.

თუმცამ, ბოკერია დასძენს, რომ „მის წინააღმდეგ რა ტიპის დევნაც არის, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ივანიშვილის მიერ“.

„თუ ადამიანი პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ქმედების გამო ზის ციხეში და მისი დევნა პოლიტიკური ამოცანა იყო, მაშინ ეს არის პოლიტიკური პატიმარი. ღარიბაშვილი არ ყოფილა ამ ხელისუფლების ოპონენტი, ამიტომ ჩემი გაგებით არ არის პოლიტპატიმარი. თუმცა, მის წინააღმდეგ რა ტიპის დევნაც არის, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ივანიშვილის მიერ, რადგან სამართლებრივი სისტემა ექვემდებარება მას. ყველა ზღვარს გაცდენილი ვითარებაა, სადაც ერთ კაცს შეუძლია ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია მიიღოს ის შედეგი, რაც მას პერსონალურად სურს.

არანაირ კორუფციასთან ბრძოლას არ აქვს ადგილი. ივანიშვილი პერსონალურ განწყობაზე, ანუ, როცა ვინმეს მოიძულებს, მერე უქექავენ იმას, რაც იქამდე მათთვის მიღებული და ნორმა იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.