სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რატომ იმყოფება თამაზ ელიზბარაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკანში მარტო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს სიტყვიერი კონფლიქტი მოჰყვცა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.