საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 7 წლის განმავლობაში 109%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMC-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საუბრობს, რომელიც შუა დერეფანში საქართველოს სატრანზიტო ტვირთების ნაკადებს ეხება და 2018-2025 წლების პერიოდს მოიცავს. კვლევის თანახმად, ამ პერიოდში, ტვირთნაკადმა პიკურ მაჩვენებელს 2024 წელს მიაღწია და 15 მილიონ ტონას გადააჭარბა. თუმცა, 2025 წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა წლიურად 9.5%-ით შემცირდა და 13.7 მილიონ ტონამდე ჩამოვიდა. „კლების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ტვირთნაკადის 7.8%-იანი შემცირება გახდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მარშრუტი კვლავ ინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას და მთლიანი სატრანზიტო ტვირთების 69.7%-ს შეადგენს“, - ნათქვამია მიმოხილვაში. რაც შეეხება ჩრდილოეთ-დასავლეთის დერეფანს, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს აქ ტვირთბრუნვა წლიურად 33.5%-ით შემცირდა და 1 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. PMC-ის შეფასებით, ამის საპირისპიროდ, 2018–2025 წლებში სტაბილურობას ინარჩუნებდა სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი. ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტზე კი ამავე პერიოდში მუდმივი ზრდა ფიქსირდებოდა, თუმცა 2025 წელს მცირედი კლება ამ მიმართულებითაც გვქონდა.