ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 2%-ით შემცირდა. საუბარია მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე. სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 2 მილიონ 734 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 800 ათასს აჭარბებდა, რაც ამ წლის მონაცემზე 2.7 პროცენტით მეტია. 2026 წლის 6 თვეში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მილიარდ 931 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავლების შემცირება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას და შესაბამისად რეგიონიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას უკავშირდება, რაც ფინანსთა მინისტრის განმარტებით მოსალოდნელიც იყო, თუმცა მოლოდინებთან შედარებით, უფრო ნაკლებად, სულ 2%-ით არის შემცირებული. როგორც კი ვითარება ახლო აღმოსავლეთში დასტაბილურდება, მთავრობაში ტურისტული ნაკადების აღდგენის მოლოდინი აქვთ და მომავალ წლისთვის ტურიზმის მაჩვენებლების მზარდ დინამიკას ელოდებიან.