2027 წლის 10 საუკეთესო ტურისტული მიმართულება მსოფლიოში - რეიტინგში საქართველოც მოხვდა. ტურისტულმა ოპერატორმა Intrepid Travel-მა (ინთრეპიდ თრეველმა) 2027 წლის რეიტინგი წარადგინა, სადაც მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულებაა შესული და სადაც მზად არიან მომავალ წელს უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ. „ეს პროექტი მხოლოდ ნაკლებად ცნობილი ადგილების ჩამონათვალი არ არის. მისი მიზანია შეცვალოს მიდგომა მიმართულებების არჩევასა და მოგზაურობის ფორმატთან დაკავშირებით - შთააგონოს ადამიანები, აღმოაჩინონ მსოფლიოს ისეთი კუთხეები, სადაც ტურიზმს რეალური სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის, ეკონომიკისა და კულტურისთვის“, - აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები. საინტერესოა, რომ საუკეთესო ათეულის შერჩევა სამ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით მოხდა: ნაკლები ცნობადობა მეზობელ ან ანალოგიურ მიმართულებებთან შედარებით; მზაობა ტურისტების მისაღებად - როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და მომავალ წელს დაგეგმილი სიახლეები, როგორიც არის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, ახალი ობიექტების გახსნა ან ინფრასტრუქტურის განვითარება. პირველი ამ ჩამონათვალში კენიაში არსებული სამბურუს ეროვნული ნაკრძალია. ათეულში კი მეორე ადგილზე მესტიაა, რომელსაც მოსდევს იორდანიის ჩრდილოეთ მთიანეთი და კანადის ქალაქი უაითჰორსი.