ადვოკატი - ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით - იმნაძე უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული - Palitra News

ადვოკატი - ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით - იმნაძე უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული

2026-09-10 14:37:50+04:00

ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით - დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული, - ეს განცხადება მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ამოღებულია 46 ტელეფონი, რომელიც არის შესწავლილი. მისი თქმით, მასალების შესწავლიდან გამომდინარე ვერ მოიპოვეს ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაამტკიცებდა ნია იმნაძის მხრიდან წაქეზებას.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ნია იმნაძის წინააღმდეგ მტკიცებულება არ დევს, შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, „დღევანდელი მდგომარეობით ეიმედება სასამართლო იმ მხრივ, რომ არასრულწლოვანის უკანონო მსჯავრდების შესაძლებლობას არ მისცემს“.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ მიიღო „კრიტიკულად არასწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებები“ და მოახდინა უდანაშაულო პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

„მტკიცებულებებში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს, ირიბს, თუ პირდაპირს, რაც დაკავშირებული იქნებოდა მაგალითად შემდეგთან - „ჩაარტყი“, „მოკალი“, ან მითითებას მისცემდა, ან დაიყოლიებდა. არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს - რა კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა ნია იმნაძის (წაქეზება). არც ირიბი და არც პირდაპირი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. საზოგადოებაში გავრცელებული მიმოწერებიდან ნათლად დგინდება, თუ რა იყო ნია იმნაძის გასაჭირი. ნია იმნაძის გასაჭირთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტილებები ვინ, რანაირად და როგორ მიიღო ეს სასამართლოს კვლევის საგანია, რასთან კავშირი ნია იმნაძეს არც ნებელობით და არც სიტყვით არ ჰქონია. ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

გიგა ავალიანთან დაკავშირებულ ურთიერთობასთან მიმართებაში ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გიგა ავალიანი რაიმე სახის ფორმით დაკავშირებული იყო პედოფილიასთან. ეს ჩვენი მხრიდან არასდროს თქმულა და ეს იყო ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადება - როდესაც აღკვეთის სხდომიდან გამოვიდა, გაბაშვილი წარმოგიდგინათ საზოგადოებას, როგორც პედოფილიასთან მებრძოლი პიროვნება და აღნიშნულზე ირიბად აღნიშნა თავისი მტკიცება ამასთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, ნია იმნაძემ, რა და როგორ უთხრა(მის შეყვარებულს) გაბაშვილს, ამის თაობაზე გამოძიების მონაცემებზე ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნია იმნაძე უსაფუძვლოდ არის დაკავებული და რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, წაქეზების ბრალდებას დაამტკიცებდა. ნია იმნაძემ რომ არაფერი არ იცოდა, დასტურდება საჯაროდ გავრცელებული გაბაშვილის მიმოწერებიდან, სადაც დგინდება, რომ გაბაშვილი და ნიას ირგვლივ არსებული ყველა პიროვნება ნიას უმალავს ინფორმაციებს, თუ რა სახის დანაშაული შეიძლება არსებობდა. ამ ყველაფერზე ნიას არ აქვს ცოდნა. პროკურატურამ იმოქმედა უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“, - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

მედიის კითხვაზე, თუ მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ რატომ დააკავეს ნია იმნაძე, ადვოკატის განმარტებით, ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია, ხოლო რატომ მოხდა იმნაძის დაკავება, ეს პროკურორს, ქეთევან სონიძეს უნდა ვკითხოთ. გიორგი ლეკიშვილის თქმით, ნია იმნაძის წინააღმდეგ ჩვენებაც არ არსებობს.

„არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის წინააღმდეგ - არც ჩვენება, არც SMS, არანაირი სახის მტკიცებულება. დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული და თუ ასეთი ფორმით პასუხისგებაში ადამიანის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ის განწირულია, რა თქმა უნდა, ის განწირულია. საქმეში არაფერი არ დევს“, - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება ალექსანდრე გაბაშვილის დაკავშირებას გარკვეულ დაჯგუფებებთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამის შესახებ ნია იმნაძემ არაფერი იცოდა და ყველაფერი პროკურატურის ბრიფინგიდან გაიგო.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.