შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
უწყების ცნობით, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.
აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს." - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, მანამდე, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო