გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა, ეკა კუპატაძე დღევანდელი სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა.
კუპატაძემ სხდომაზე ბრალდებულებისა და მათი ადვოკატის დამოკიდებულება მძიმე ემოციურ ფონად შეაფასა. მისივე განმარტებით, პროცესის განმავლობაში ადვოკატი იცინოდა და მას თვალს არ არიდებდა.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე კი დაკავებული ნია იმნაძის მხრიდანწაქეზებაზე საუბრობს, დაცვა კი ბრალდებას მტკიცებულებების არქონის გამო უსაფუძვლოდ მიიჩნევს. პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეში ფარული საგამოძიებო მოქმედებების მასალები, სატელეფონო ზარები, მიმოწერები და მოწმეთა ჩვენებებია, რომლებიც, მისი შეფასებით, იმნაძის მოტივსა და ქმედებას ადასტურებს. ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის თქმით, გამოძიებამ 46 ტელეფონი შეისწავლა, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება ვერ მოიპოვა. დაცვა აცხადებს, რომ საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც იმნაძის წაქეზებას დაადასტურებდა.
საქმეზე ბრალი ორ არასრულწლოვანს 6 აგვისტოს წარედგინა. იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა, ბერუაშვილს კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.