რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.
ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მისგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
ასევე, ამაღლობელი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომ ისიც დაელოდოს ევროსასამართლოს მის მიერ მიღებულ „რეპრესიულ” კანონმდებლობაზე მართლმსაჯულებას.
„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.
ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.
ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.
ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.
მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“, - წერს ამაღლობელი წერილში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში აღარავინ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და დასძინა: "რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! - ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია".