ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსული სპეცსამსახურები ფარცხალაძე-რომანოვისგან დემონსტრაციულად ძერწავენ ახალ პოლიტიკურ ფიგურას, ალტერნატივას საქართველოსთვის, რომელსაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, პრემიერად მოიაზრებენ - Palitra News

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსული სპეცსამსახურები ფარცხალაძე-რომანოვისგან დემონსტრაციულად ძერწავენ ახალ პოლიტიკურ ფიგურას, ალტერნატივას საქართველოსთვის, რომელსაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, პრემიერად მოიაზრებენ

2026-09-10 22:27:15+04:00

შეიძლება [რუსები] ოთარ ფარცხალაძეს ამზადებენ, როგორც ალტერნატივას საქართველოსთვის. მოიაზრებენ ხელისუფლების ცვლილების შედეგად პრემიერად, - ამის შესახებ მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხად.

ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მხარდამჭერი მოხალისეთა ქვედანაყოფის ჩამოყალიბება არის სერიოზული გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“ რუსეთის მხრიდან.

მისივე თქმით, რუსებმა გადაწყვიტეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა შესაძლებლობები და შესაბამისად, სჭირდებათ ახალი რეალობების შექმნა.

„როგორც მინიმუმ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობაში იყო რუსეთის აგენტი, რუსეთის ჯაშუში. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ინფორმაციები და მასალები გადასცა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თავის კურატორებს მოსკოვში თვენახევრიანი მუშაობის დროს. მანამდეც ჰქონდა გავლენები და გადადგომის შემდეგაც. ვფიქრობ, ეს ცალკე გამოსაძიებელი საქმეა. ძალიან კარგია, რომ დღეს ძებნაშია.

მე მინდა, რომ დამატებითი რაკურსი შემოვიტანო, ეს არის სერიოზული გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“ რუსეთის მხრიდან. რატომ? „ქართული ოცნება“ უკვე აღარ წარმოადგენს სანდო პარტნიორს რუსეთისთვის საქართველოში. რატომ ვფიქრობ, რომ ასეა? იმიტომ, რომ ის არის ძებნაში გამოცხადებული და იმის მაგივრად, რომ გადმოსცენ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონ ფარცხალაძე-რომანოვისგან დემონსტრაციულად ძერწავენ ახალ პოლიტიკურ ფიგურას. გასაგებია, რომ საკაბინეტო მუშაკისთვის ფრონტის ხაზზე მისი სარგებლიანობა ძალიან დაბალი იქნება.მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიხილავთ ჩვენ მას ფრონტის ხაზზე უკრაინაში იმიტომ, რომ ამას სხვა გაქანება სჭირდება. შესაბამისად, მას რუსული სპეცსამსახურები ძერწავენ, როგორც რაღაც ალტერნატივას. რისთვის და რატომ, ეს არის ის კითხვები, რაზეც „ქართული ოცნება“ უნდა დაფიქრდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რუსეთთან ჩამოყალიბებულიყო ახალი ურთიერთობების ხარისხი. გავიხსენოთ, [ამბობდნენ], ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ჩვენ დავიწყეთ[ომი], პრაქტიკულად ყველაფერი [გააკეთეს] და მიადგნენ კედელს, წითელი ხაზს, რომელსაც ვერანაირად ვერ გადალახავენ და ეს წითელი ხაზი არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ამას ვერ გააკეთებს „ქართული ოცნება“, რადგან კარგად ესმის, რომ მეორე დღეს ის ხელისუფლებაში აღარ იქნება. ის, რაც ქართულმა ოცნებამ“ დღემდე გააკეთა, რუსეთს ის არაფრად არ მიაჩნია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსებმა ახლა გადაწყვიტეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა შესაძლებლობები და შესაბამისად, სჭირდებათ ახალი რეალობების შექმნა. გადაწყვეტილება, რომ ფსონი დადონ რომანოვ-ფარცხალაძეზე, მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაო მასალა აღარ დარჩათ საქართველოში.

დღეს რომ შევაფასოთ ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურების პოპულარობა საქართველოს რეალობაში, ალბათ, ბატონ რომანოვ-ფარცხალაძეს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ დაიკავოს ბოლო ადგილი. შესაბამისად, ეს ვერაფერს ვერ მოიტანს, ვერანაირ გავლენას ეს ფრონტის ხაზზე ვერ მოიტანს, მაგრამ რაღაცისთვის სჭირდებათ რომანოვ-ფარცხალაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.