მარიამ ქვრივიშვილი - ვფიქრობთ, მზად ვიქნებით, რომ ოქტომბრის ბოლომდე, ანაკლიის პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2029 წელს პორტმა პირველი გემი მიიღოს - Palitra News

მარიამ ქვრივიშვილი - ვფიქრობთ, მზად ვიქნებით, რომ ოქტომბრის ბოლომდე, ანაკლიის პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2029 წელს პორტმა პირველი გემი მიიღოს

2026-09-11 11:46:06+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან სარკინიგზო გზის სამშენებლო ტენდერი გამოცხადდეს.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემი მიიღოს.

„პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ დროულად გამოაცხადოს სამშენებლო ტენდერი მისასვლელ გზასა და სარკინიგზო გზის მიმართულებით. დღეს უკვე პირველად საჯაროდ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ და ამავდროულად, საქართველოს რკინიგზამ დაასრულა პროექტირება ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის გზის. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი.

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დასახული გეგმა თანმდევი დროის გრაფიკით, რასაც ზედმიწევნით მივყვებით ყველა შესაბამისი უწყება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ტალღამტეხის მშენებლობა და დაღრმავებითი სამუშაოები.

„გვაქვს ორი მიმდინარე პარალელური პროცესი, ეს გახლავთ როგორც ტალღამტეხის მშენებლობა, ისე დაღრმავებითი სამუშაოები. პირველი გემის კვალდაკვალ, უკვე მივიღეთ მეორე გემი, რომელიც აქტიურად უზრუნველყოფს დაღრმავებით სამუშაოების წარმოებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ასევე ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ტალღამტეხის სამშენებლო პროცესი და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.