ევროპაში ჩასული საქართველოს დელეგაცია კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძის მეთაურობით პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს სახელით შეუერთდნენ 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, თუმცა ვიზიტის დროსაც ქართველ ჟურნალისტებთან არ დაუმალავთ კრიტიკა ბრიუსელის მიმართ. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ მათი მიზანია კანდიდატ ქვეყნებს საკუთარი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა არ ჰქონდეთ. ოპოზიციაში ისევ ფიქრობენ, რომ ევროკავშირთან დაახლოება "ქართული ოცნების" პირობებში შეუძლებელია და ბოლოდროინდელი ვიზიტი თუნდაც პარიზში ურთიერთობას ვერ გადატვირთავს.