რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის პოლიტიკურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ზურგი შეაქცია და ახლა ისინი ჭეშმარიტ ზნეს ავლენენ“.
„თუკი ყველა მოსყიდული იყო, მაშინ ვინღა დამარცხდა 2024 წლის არჩევნებში, ეს გაგვაგებინონ. ძალიან კარგი პროცესი მიდის და ჩვენ ამის გულშემატკივარი ვართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება“, ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს მას შემდეგ, რაც რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას, ვეღარ იღებენ იმ მხარდაჭერას, მათ შორის პოლიტიკურს, რომელსაც აქამდე იღებდნენ. ქართველმა ხალხმა მათ ზურგი შეაქცია, მათ შორის ზურგი შეაქციეს თავისმა მხარდამჭერებმა. ფრუსტრაციის შედეგია ის, როცა ისინი უკვე თავის ჭეშმარიტ ზნეს ავლენენ. რასაც ახალა უყურებთ, ქართველო ხალხო, შეხედეთ, აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს „პროევროპულს“ ეძახის. მათი წარმოდგენით ეს არის ევროპა, რასაც ახლა აკვირდებით. ეს სიბინძურე არის ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.