შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ამოქმედდა, სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით არის შემცირებული.
მთავარი შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 32 და დაშავდა 179 ადამიანი. გარდაცვლილი 32 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 42 ქალი და 137 კაცი.
არაფატალური 179 უბედური შემთხვევიდან, 72 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა (ქალი 10 და კაცი 62); 107 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა (ქალი 32 და კაცი 75).
2025 წელს აღრიცხულ შემთხვევათაგან დაფიქსირდა ერთი მასობრივი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც ერთ ორგანიზაციაში 4 დასაქმებული გარდაიცვალა, 1 კი მძიმედ დაშავდა.
ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7 111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2 584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერების და 800-მდე შემთხვევაში საჯარიმო სანქციის გამოყენების გადაწყვეტილება. ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.
მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის კუთხით შემოწმდა 4 312 ობიექტი, მათ შორის გაიცა 2 400 ათასზე მეტი მითითება და ინსპექტირებები 42 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხო.
რაც შეეხება შრომითი უფლებებზე ზედამხედველობას, როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, განხორციელდა 2 799 ინსპექტირება, პირველადად შემოწმდა 1 664 ობიექტი, გაიცა 3 600-ზე მეტი მითითება და ინსპექტირება 35 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო.
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებზე ზედამხედველობის საკითხებზე საუბრისას, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ 2025 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 233 ინსპექტირება განხორციელდა და 70 დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.