ვალერი ჩეჩელაშვილი - გია ბარამიძის დაკავება საზოგადოების დაშინების მცდელობაა - ის არის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი დაკავება ძალიან დიდი უსამართლობაა - Palitra News

ვალერი ჩეჩელაშვილი - გია ბარამიძის დაკავება საზოგადოების დაშინების მცდელობაა - ის არის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი დაკავება ძალიან დიდი უსამართლობაა

2026-09-12 13:37:59+04:00

გია ბარამიძე არის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მისი დაკავება მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი უსამართლობა,- ამის შესახებ მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა

ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც ისაუბრა გია ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებაზე.

ჩეჩელაშვილის თქმით, ბარამიძის დაკავება საზოგადოების დაშინებასაც ემსახურება.

„გია ბარამიძე არის ჩემი მეგობარი და ამას ყოველთვის, ყველგან ვიტყვი. ის არის პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის. თავის განცხადებაზე მან შემდეგ განმარტებაც გააკეთა და ტყვეების გაცვლაში თვითონ იღებდა მონაწილეობას, ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. მისი დაკავება მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი უსამართლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ თავისუფლად არ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, რისი გარანტიაც არის ჩვენი კონსტიტუცია.

ბარამიძის დაკავება, რომ საზოგადოების დაშინების ნარატივში კარგად ჯდება, ფაქტია. მარტო ეს ხომ არ არის? როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს ისტორიულ ტრადიციებზე, ღირსებაზე და ა.შ. გაცილებით უფრო უნდა გვაწუხებდეს ის, თუ როგორ გვახასიათებენ ჩრდილოეთიდან, რომ მუხლებზე მდგარი ერთი ირაკლი, დანარჩენი ირაკლებიც მოდიან- ეს პირდაპირ არის სილის გაწვნა საქართველოს საზოგადოებისთვის და მმართველი გუნდისთვისაც იმიტომ, რომ მე მგონი, სიმონიანმა შემთხვევით არ თქვა, "ახალი ირაკლები მოვლენო". ვის გულისხმობდა? მე ირაკლი არ მქვია”,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.