ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იგივე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი.
მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადების და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,რა დროსაც შესაძლოა დადგინდეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სხვა ეპიზოდებიც, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და გაიზარდოს ბრალდებულთა პირთა წრე. ასევე ბრალდებულის კვალიფიკაცია დამძიმდეს.
კითხვაზე, რა მატერიალური მოტივი ამოძრავებდა ბრალდებულს, რადგან თვითონ აცხადებს, რომ ასაკოვანი ქალი შეეცოდა, პროკურორმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა ეს განცხადება გააკეთა სასამართლოში, საქმის მასალებში და ოპერატიულ მასალაში ბრალდებული ამბობს, რომ ყოველი რეგისტრირებული პაციენტის მიერ გადახდილი თანხიდან იგი გარკვეულ პროცენტს იღებს. ასევე მისი თქმით, “ბრალდებულისთვის წარდგენილი 268-ე მუხლის დისპოზიცია არ მოითხოვს რაიმე მატერიალური სარგებლის არსებობას და ეს დანაშაული მთავრდება იმ მომენტიდან, როდესაც მან რეცეპტი გამოწერა გასაღების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში კი გაასაღა”.
რაც შეეხება საქმეში აგენტ-პროვოკატორის არსებობას, პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით რაიმე პროვოკაციის ფაქტი არ დასტურდება. მისი თქმით, თავად დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა ბრალდებას.
,,ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო პროცესზე, რასაც დაეთანხმნენ ადვოკატები და მათი მხრიდანაც გამოირიცხა რაიმე პროვოკაციის არსებობის ფაქტი. ხოლო საქმეში ოპერატიულად ჩართული პირი მოქმედებდა სასამართლოს განჩინების და ნებართვის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები”,- აცხადებს პროკურორი.