ბექა ბასილაია - საქართველოს ინტერესების საზიანოდ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა - ეს არის საბოტაჟი - რომელ სახელმწიფო უწყებას შეეშალა ხელი იაგო ხვიჩიასთან გადაცემაში გიორგი ბარამიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე? - Palitra News

ბექა ბასილაია - საქართველოს ინტერესების საზიანოდ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა - ეს არის საბოტაჟი - რომელ სახელმწიფო უწყებას შეეშალა ხელი იაგო ხვიჩიასთან გადაცემაში გიორგი ბარამიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე?

2026-09-12 20:08:30+04:00

საქართველოს ინტერესების საზიანოდ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა - ეს არის საბოტაჟი. რომელ სახელმწიფო უწყებას, დაწესებულებას ან ორგანოს შეეშალა ხელი იაგო ხვიჩიასთან იმ გადაცემაში გია ბარამიძის სტუმრობის და იქ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ბარამიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, უკანონო და პოლიტიკურად შეკვეთილი გადაწყვეტილება.

„ჩვენ სასამართლოს დასაწყისშივე ვუთხარით, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის აღსასრულებლად არის მოვლენილი ამ დარბაზში და პროცესის ბოლოს როდესაც იგივე გავუმეორეთ, უსიტყვოდ დაგვეთანხმა.

არავითარი საფუძველი გია ბარამიძის ბრალდებისა არ არსებობს. საბოტაჟის შემადგენლობას არ იძლევა პროკურატურის მიერ ინტერპრეტირებული განცხადებაც კი. ანუ პროკურატურა როგორც საუბრობს, ესეც კი ჭეშმარიტებად რომ მიიღოს ადამიანმა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა. შესაბამისად, არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს ინტერესებს აზიანებს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები და აფხაზებსა და ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. საქართველოს ინტერესებს აზიანებს ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შვიდში საარტილერიო ცეცხლით დავბომბეთ ცხინვალი და ამას მოყვა რუსების შემოსვლა. საქართველოს ინტერესებს აზიანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა დაიწყო ომი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს წულუკიანის „ღალატის კომისიის“ დასკვნები, რომ ქართულ სახელმწიფოს ედება ბრალი საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში.

ხოლო რაც შეეხება გია ბარამიძის 30-35 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ ფრაზას, რასაც ასევე მოჰყვა მისი დეტალური განმარტება, რომ არც ტყვეები დაგვიხვრეტია და არც ჩაბარებისთვის მზადმყოფი პირები, უბრალოდ, ომის მიმდინარეობის საწყის ფაზაში ამოცანა ტყვეების აყვანა კი არ იყო, უბრალოდ საომარი მოქმედებები იმ ფორმით ვითარდებოდა, რომ ტყვეები არ გვყავდა, ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესების, სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით საბოტაჟის შემადგენლობას არ იძლევა.

საქართველოს ინტერესების საზიანოდ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა - ეს არის საბოტაჟი. რომელ სახელმწიფო უწყებას, დაწესებულებას ან ორგანოს შეეშალა ხელი იაგო ხვიჩიასთან იმ გადაცემაში გია ბარამიძის სტუმრობის და იქ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე?

გია ბარამიძეს ტყვეები დავხვრიტეთო, ასეთი რამ არ უთქვამს. როდესაც სიტყვა „დახვრეტას“ ხმარობ, სადაც ნახსენებია ტყვეები და ასე შემდეგ, ძალიან ცუდად ხვდება ყურს, მათ შორის არა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს ამის გამოყენებას, არამედ კარგი ხალხი, ვინც ამ ქვეყნის პატრიოტია, მათაც ძალიან ცუდად მოხვდათ ეს ყურში. ამიტომ გააკეთა გიამ ვრცელი განმარტება, სადაც დეტალურად საუბრობს, რომ აყვანილი ტყვის ან ჩაბარებისთვის მზადმყოფი პირის დახვრეტაზე კი არ იყო საუბარი, არამედ საომარი მოქმედებები ისე მიმდინარეობდა, რომ ტყვის აყვანა არ იგეგმებოდა დასაწყისში, მით უმეტეს ისეთი დანაყოფების მხრიდან, რომელიც თავისი არსით ტერიტორიული თავდაცვის ძალებია.

შერიგებასთან დაკავშირებით რა პროცესი დაზიანდა? ანუ აქამდე, გიას განცხადებამდე აფხაზი სეპარატისტები, ოკუპაციური რეჟიმის დანამატები ჩვენკენ მოიწევდნენ? ოთხოზორიას არ კლავდნენ? ქართულ ყველაფერს ძირს არ უთხრიდნენ? ქართული ენის სწავლება აკრძალული არ ჰქონდათ? ქართველებს არ ავიწროებდნენ აქამდე და გიას განცხადების მერე მოკლეს ოთხოზორია და დაიწყეს ქართული ენის აკრძალვა? ერთი აფხაზი მითხარით, რომელიც ამბობდა, რომ მზად ვიყავი ქართველებთან ხელი ჩამომერთმია და ნდობა აღდგენილიყო, მაგრამ გიას მოსმენის შემდეგ ხელი უკან გავწიეო?

ქართული ჯარის შეურაცხყოფა იცით რა არის? როცა ამ საქმეში მოიტანეს ჩვენებები, სადაც გია ბარამიძის აფხაზეთის ომში მონაწილეობის დევალვაციისთვის ათასგვარი სისაძაგლე და ტყუილია დაწერილი, მაშინ, როდესაც არაერთი ვიდეოჩანაწერები არსებობს ქართველი ვაჟკაცების და ამ ქვეყნის გმირების მონაწილეობით, ვინც აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს გიაზე საუბრობენ, რომელიმე მათგანი დაკითხეს? უფრო მეტიც, არის კადრები, სადაც ჩანს პირდაპირი შეტაკება, ტყვიების ზუზუნი, სადაც გია ბარამიძეა და სადაც მებრძოლი ბიჭები არიან, რომელიმე მათგანი დაკითხეს?

საქართველოს სასამართლოები რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ყველა დაკვეთას ასრულებენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში მოლოდინი იმისა, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება, არ გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ფორმალურ პროცედურაში ვართ შესული, ბუნებრივია, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".

პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.