ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა - Palitra News

ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

2026-09-12 20:21:14+04:00

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა მაია კოხტაშვილმა, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, საპატირო დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

კოხტაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გირაო გადაიხადეს. გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეაგროვეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემა ედება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.