დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია - Palitra News

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია

2026-09-13 11:15:09+04:00

მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ნიუ-დელიში საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბარში განაცხადა.

12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე წავიდეს და პუტინს შეხვდეს, თუ ისიც მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას.

პესკოვმა კი ასეთი შესაძლებლობა თავიდანვე უარყო და მას “შეუძლებელი” უწოდა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ალტერნატიულ ადგილს, პესკოვმა უპასუხა: “არის მასთან მოსკოვში შეხვედრისთვის მზაობა”.

მედიის თანახმად, ამ მომენტისთვის არ არსებობს მაიამიში დეკემბერს დაგეგმილ “დიდი ოცეულის” სამიტზე პუტინის მონაწილეობის ოფიციალური დასტური.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორივე ლიდერის მოწვევის შემთხვევაში ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

“უნდა ჩავიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. სიტყვებში არაა საქმე. მე რას ვეტყვი ან ის რას მეტყვის - ამას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც მნიშვნელობა აქვს - შედეგია”, - განაცხადა ზელენსკიმ.