სალომე სამადაშვილი - სისტემა ჩამოშლილია, რამდენ ხანს გაძლებს სუს-ის ახალი უფროსი? კომიკურია, რომ არ იყოს ტრაგიკული - რაც შეეხება პარტიებს, ვერავის აკრძალავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვადა ეწურებოდა, გახარიას პარტიის დამატებით თავიდან იწყება ათვლა - Palitra News

სალომე სამადაშვილი - სისტემა ჩამოშლილია, რამდენ ხანს გაძლებს სუს-ის ახალი უფროსი? კომიკურია, რომ არ იყოს ტრაგიკული - რაც შეეხება პარტიებს, ვერავის აკრძალავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვადა ეწურებოდა, გახარიას პარტიის დამატებით თავიდან იწყება ათვლა

2026-09-14 22:06:54+04:00

სუს-ის ხელმძღვანელი მეოთხეჯერ რომ იცვლება, ეს აჩვენებს, რომ ვერტიკალი ჩამოშლილია, სისტემა ჩამოშლილია, რყევებია საშინელი შიგნით , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ეხმაურება სუს-ის უფროსის ცვლილებას.

სალომე სამადაშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის შეუცვლელი კადრი აღმოჩნდა.

„ივანიშვილი ქვეყანას მართავდა სუს-ის მეშვეობით და სუს-ის ხელმძღვანელის მეოთხეჯერ გამოცვლა ნიშნავს იმას, რომ მართვის სისტემა არის მოშლილი. ბარემ გამოიყვანოს ლილუაშვილი ციხიდან და დააბრუნოს ისევ სუს-ის კაბინეტში, გავიდა თვეები და მეოთხეჯერ ცვლიან სუს-ის ხელმძღვანელს. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის შეუცვლელი კადრი ყოფილა ლილუაშვილი. შეკითხვა ჩნდება, ის ადამიანი, ვინც დღეს დანიშნეს თანამდებობაზე, რამდენ ხნიანი სუს-ს უფროსია? რამდენ ხანს გაძლებს სუს-ის ახალი უფროსი? კომიკურია, რომ არ იყოს ტრაგიკული.

ხელისუფლება რომ შიგნიდანაა ჩამოშლილი, ამის მაჩვენებელია და სიმპტომატურია, რომ სუს-ის ხელმძღვანელს მეოთხეჯერ ცვლიან. ნორმალური კი არ არის, რომ სუს-ი მართავს სახელმწიფოს, ეს ანომალიაა, რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. ქვეყანას უნდა მართავდეს პარლამენტი. ავტოკრატიული სისტემა იმართება სუს-ის ვერტიკალით და სუს-ის ხელმძღვანელი მეოთხეჯერ რომ იცვლება, ეს აჩვენებს, რომ ვერტიკალი ჩამოშლილია, სისტემა ჩამოშლილია, რყევებია საშინელი შიგნით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

სამადაშვილის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ვადა ეწურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს, იანვარში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ხოლო ახლა თავიდან დაიწყება ვადის ათვლა.

„მე გეტყვით, ეს რატომ მოხდა. ვადა ეწურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს, იანვარში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ხოლო ახლა თავიდან იწყება ათვლა, კიდევ აქვს ცხრა თვე. ვერ აკრძალავენ ვერავის, იციან ეს სინამდვილეში“, - განაცხადა სამადაშვილმა.